ლონდონი ანიტა რაჭველიშვილის „ხელოვნების დღესასწაულის“ მოლოდინშია

13 დეკემბერს ლონდონის კოვენტ-გარდენის სცენაზე ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი შეასრულებს აზუჩენას პარტიას ვერდის ოპერა „Il trovatore“-ს ახალ წარმოდგენაში. იგი დადგა ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა დევიდ ბოშმა მიუნხენში და ამჯერად წარმოდგენას ლონდონი მასპინძლობს. ბოშის დადგმას კოვენტ-გარდენში რიჩარდ ფერნსი უდირიჟორებს.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა ლონდონიდან, ვერდის „Il trovatore“-ს ახალ წარმოდგენას 2016–17 წლების ზამთრის სეზონში რვაჯერ მოისმენს საზოგადოება და ყველა სპექტაკლზე ბილეთები გაყიდულია.
ჟურნალისტი ლონდონური პრესის შეფასებასაც გვიზიარებს ანიტა რაჭველიშვილზე: ძნელი წარმოსადგენია აზუჩენას როლი ვოკალურად და სცენურად ანიტა რაჭველიშვილზე უკეთ დღესდღეობით რომელიმე მომღერალმა დაძლიოს!
ანიტა რაჭველიშვილს სიამოვნებით უხსნიან თავის კარს მსოფლიოს ლიდერი ოპერები, რადგან მისი გამოსვლა სცენაზე მუდამ ხელოვნების დღესასწაულს ბადებს!.. თითქოს ცის კამარა იხსნება და უსაზღვროებაში ინთქმები… ანიტას ხმა შემკულია ამ იშვიათი ძლევამოსილებითა და ბრწყინვალებით…
შეიძლება ზოგს ეს ხმამაღალ განცხადებად მოეჩვენოს, მაგრამ სულაც არ არის გადაჭარბებული, რადგან კოვენტ-გარდენში დღემდე ახსოვთ ანიტას მიერ სამი წლის წინათ ფანტასტიკურად ნამღერი „კარმენი“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები