გამოფენა „±960˚ ხელოსნობიდან ხელოვნებამდე“ გაიხსნება

14 დეკემბერს, 18:00 საათზე, გამოფენა „±960˚ ხელოსნობიდან ხელოვნებამდე“ გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კერამიკის კოლექციის კვლევასა და ამ დარგის ეტაპობრივად განვითარების ჩვენებას წარმოადგენს.
თიხა, რომელსაც კაცობრიობა უძველესი დროიდან გადაამუშავებს და გამოიყენებს საყოფაცხოვრებო, დეკორატიული, სახელოვნებო მიზნებისთვის, ამავდროულად, ისტორიულ მეხსიერებას, კულტურას, ტრადიციას, საზოგადოების აზროვნების ფორმას შემოინახავს. ქართულ ტრადიციულ კერამიკაში 960˚- გამოწვისთვის აუცილებელი ტემპერატურა სიმბოლურად გააზრებულია ხელოსნობიდან ხელოვნებამდე განვითარების იდეური და ტექნიკური ცვლილებების ნიშნულად.
მუზეუმში დაცული კერამიკული ნიმუშები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს განეკუთვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო და საფონდო მასალა ის მნიშვნელოვანი რესურსია, რომლითაც წარმოჩინდება ქართული ხალხური ხელოვნების უძველესი დარგის – მეთუნეობის განვითარება, ეროვნული და ტრადიციული მოტივების, ადგილობრივი სახელოსნოების მხატვრული პოტენციალი XIX-XX საუკუნეში.
მუზეუმის საარქივო და საფონდო მასალების კვლევაზე დაყრდნობით კერამიკის ისტორიული განვითარების ჩვენება თიხის, როგორც მასალის ათვისებისა და განვითარების შესაძლებლობებს გამოკვეთს. გამოფენის დასკვნითი ნაწილი თანამედროვე ხელოვნებასთან კავშირით წარმოაჩენს, თუ როგორ პასუხობს კერამიკული ხელოვნება XXI საუკუნის თანამედროვე გამოწვევებს, არღვევს ხელოსნობის ჩარჩოებს და კონცეპტუალურად გააზრებული მედია ხდება.
მონაწილე თანამედროვე არტისტი, კერამიკოსი: მერაბ გუგუნაშვილი.
გამოფენის გახსნაზე შედგება თანამედროვე არტისტის, კერამიკოსის ლია ბაგრატიონის ნამუშევრის „ზუსტად“ ვიდეო დოკუმენტაციის ჩვენება-პრეზენტაცია. ვიდეო დოკუმენტაციის ავტორი – ნესტან აბდუშელიშვილი.
გამოფენა მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის სამაგისტრო კურსის სტუდენტების მიერ, სამუზეუმო პრაქტიკის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები