„თბილისის ბაროკო ფესტივალი“: დასკვნითი კონცერტი და ინტრიგა ქართული ყავით

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დასასრულს მიუახლოვდა. 14 დეკემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხადეს, სპეციალურად ამ დღისთვის საფრანგეთიდან უნდა ჩამოსულიყო ცნობილი ჩელისტი ქრისტოფ კოინი, რომელიც ავადმყოფობის, კერძოდ კი, ხელის ტრავმის გამო ვეღარ ეწვევა ფესტივალს. ფრანგი მუსიკოსი დიდ ბოდიშს უხდის ქართველ მსმენელს და გვპირდება, რომ მომავალში აუცილებლად ესტუმრება ჩვენს დედაქალაქს.
14 დეკემბერს კი, ფესტივალის მასპინძელი „საქართველოს სინფონიეტა“, თბილისის გუნდი „ბაროკო“ და კონტრ-ტენორი მიხეილ აბრამიშვილი პომპეზური საღამოთი დააგვირგვინებენ ბაროკო ფესტივალს. შესრულდება იოჰან სებასტიან ბახის, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის, ფრანჩესკო გასპარინის და იოჰან ქრისტოფ ფრიდრიხ ბახის ნაწარმოებები, ხოლო კონცერტის მეორე განყოფილებაში ანტონიო ვივალდის ექსტრავაგანტული მუსიკა გაიჟღერებს.15451472_10207469021115893_1784565760_n

მიხეილ აბრამიშვილი დაიბადა თბილისში 1983 წელს. დაწყებითი მუსიკალური განათლება სამუსიკო სკოლაში, ვიოლინოს განხრით მიიღო. 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხი. 2015 წელს დაამთავრა თბილისის, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სოლო, აკადემიური სიმღერსის განხრით (ქ. ელიავას კლასი), მაგისტრის ხარისხი. სტუდენტობიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ თუ თეატრალურ ფესტივალში,  მათ  შორის: „შემოდგომის თბილისი’’, „ჯ. კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“, სადაც ასრულებს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნაწარმოებებს.
მომღერალი ხშირად გამოდის კონცერტებით სიმფონიურ თუ კამერულ ორკესტრებთან,  მართავს გამოფენებსა და პერფორმანსებს, მონაწილეობს რამდენიმე დრამატულ სპექტაკლში. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა თბილისის სახელმწოფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტა“, რომელთან ერთადაც, 2012 წელს, კავკასიაში პირველი ბაროკო ორკესტრის პირველ კონცერტში მონაწილეობდა. ამ ორკესტრთან თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ დაარსდა 2008 წელს. მისი რეპერტუარი  მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში. თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა საქართველოს სინფონიეტა კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში, როგორიც არის ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა.
2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში. „საქართველოს სინფონიეტა“ სისტემატიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან: კ. ფონ კერსენბროკი, ქრ. ბუში, ქრ. მაიერი, ი. სავალი, ს. აზოლინი და სხვა მრავალი.15536703_10207469031196145_869548024_o
თბილისის გუნდი „ბაროკო“ დაარსდა 2016 წლის იანვარში. გუნდის დებიუტი შედგა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების მეორე ეროვნულ კონკურსზე, სადაც მოიპოვა ოქროს მედალი (I ადგილი) და ლაურეატის წოდება. აგრეთვე ნომინაციები:  a capella ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის;  საუკეთესო დირიჟორი/ქორმაისტერი გიორგი მარგველაშვილი.
გუნდის ხელმძღვანელია გიორგი მარგველაშვილი – დაამთავრა ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია (მაგისტრის ხარისხი). სტუდენტობის პერიოდში გახლდათ ნ. სულხანიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. 2013 წელს კონკურსის გამარჯვების შედეგად მოიპოვა  “Premio Roma”-ს სტიპენდია – სამთვიანი სტაჟირება “Santa Cecilia”-ს სახ. კონსერვატორიაში ორკესტრის დირიჟორობის სპეციალობით (იტალია-რომი). 2014 წელს დააარსა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. “ქართული უნივერსიტეტის” გოგონათა გუნდი “ანთილიოსი” და “საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი”.
ყავა პირველად ევროპაში სწორედ ბაროკოს ეპოქაში შემოიტანეს ოსმალეთის იმპერიიდან. პირველი ყავახანა 1629 წელს ვენეციაში გაიხსნა. ინგლისში კი, კერძოდ, ოქსფორში -1652 წელს. იგი დღესაც არსებობს და „გრანდ კაფე“ ქვია, ამავე წელს გაიხსნა კაფე ლონდონშიც. 15537058_10207469007635556_237630779_oინგლისურმა ყავახანებმა ინტრიგა შეიტანა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელსაც არაერთი მოგზაური აღწერს თავის ჩანაწერებში. მთელი ევროპისთვის ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო, რომ ი.ს.ბახმა “ყავის კანტატა” დაწერა.
ფესტივალის დასკვნით კონცერტზე მსმენელს ელოდება ინტრიგა ქართული ყავით – კომპანია „ჩერი”, 14 დეკემბრის ცივ საღამოს ყველას ფინჯან ყავაზე ეპატიჟება!
ასე რომ, ბაროკო მუსიკისა და ცხელი ყავის არაჩვეულებრივი არომატიც იქნება მასპინძელი დასკვნით კონცერტზე.
ბილეთები იყიდება რუსთაველის და „სინფონიეტა სთეიჯის“ (სანაპიროს ქ. №4, შენობა 2) სალაროებში, აგრეთვე ონლაინ www.biletebi.ge .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები