„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტი“

ფორუმის „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის” ფარგლებში, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტი“ მიიღეს, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანა მანიფესტის მიღებამდე დოკუმენტის შემუშავების პროცესში იყო ჩართული.
დოკუმენტის სამუშაო ვერსია 7-9 სექტემბერს ჩატარებული შემოქმედებითი ინდუსტრიების ქვესექტორული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე მომზადდა. მასში ასახულია 6 ქვესექტორის (სახვითი ხელოვნება; არქიტექტურა და დიზაინი; საშემსრულებლო-სანახაობითი ხელოვნება; კინო, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ციფრული მედია; კულტურული მემკვიდრეობა და რეწვა; ლიტერატურა და გამომცემლობა) საჭიროებები სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.
აღნიშნული დოკუმენტის სამუშაო ვერსია ქვესექტორების მიხედვით ექსპერტთა ექვსმა ჯგუფმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 7 დეკემბერს განიხილა, სრულყო და წარმოადგინა. დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციების გაზიარება და ცვლილებების შეტანა საზოგადოებას 20 დეკემბრამდე შეეძლება.
საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ეგიდით, 8-9 დეკემბერს ჩატარდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები