დავით ოქიტაშვილი: პირველად თქვენგან შეიტყობს ქართველი საზოგადოება, რომ რეზო ჩხეიძის ოცნება ასრულდება
დღეს გამოჩენილ ქართველ რეჟისორს, რეზო ჩხეიძეს 88 წელი შეუსრულდებოდა.
მალე მისი უკვდავი ფილმის, „ჯარისკაცის მამის“ ჩვენება ჩინეთში შედგება.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, უახლოეს მომავალში „ჯარისკაცის მამის” განახლებულ ვერსიას ჩინელი მაყურებელი იხილავს.
ფილმის ჩვენება რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის, „ჯარისკაცის სახლის“ და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით გაიმართება.
„რეზო ჩხეიძე იყო უდიდესი რეჟისორი. პირველად თქვენგან შეიტყობს დღეს ქართული საზოგადოება, რომ რეზო ჩხეიძის ჩაფიქრებული ოცნება ასრულდება, ფილმის „ჯარისკაცის მამა“ განახლებული ვერსია, ეგრეთ წოდებული „გაფერადებული ფილმი“ ჩინეთში იქნება ნაჩვენები.
ეს იყო ბატონი რეზოს ოცნება და მე მოხარული ვარ, რომ ამ ოცნების განხორციელება კულტურის პალატამ მოახერხა.
ჩინეთში ფილმის წარდგენას დაესწრებიან მისი სახლ-მუზეუმის „ჯარისკაცის სახლის“ წარმომადგენლები და რეჟისორის ოჯახის წევრები.
ეს არის ფილმი, რომელმაც ყველა დროს გაუძლო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ამ ფილმის უკვდავსაყოფად“, – განუცხადა „კვირას“ დავით ოქიტაშვილმა.
დავით ოქიტაშვილი რეზო ჩხეიძის პიროვნულ თვისებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ გარდა უდიდესი ნიჭისა, რეჟისორი დიდი იუმორის გრძნობითაც იყო დაჯილდოებული.
„ ასეთი ადამიანები ქვეყნიდან არ უნდა მიდიოდნენ. ბატონი რეზო იყო უდიდესი რეჟისორი და იყო ასევე იუმორის დიდი გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი.
ბატონმა რეზო ჩხეიძემ და ბიძინა კვერნაძემ ხუმრობით „ვარსკვლავთმრიცხველი“ შემარქვეს. მე ვარ ბედნიერი, რომ მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
ქართული ფილმი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა ტრიუმფით მოიარა, უახლოეს პერიოდში ჩინეთში იქნება ნაჩვენები.