დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს

77-მა დეპუტატობის კანდიდატმა, რომლებიც პარტიული სიით არიან არჩეულნი, ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდგინდათ.
„კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით სავარაუდოდ არჩეულ თითოეულ წევრს, კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლო. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ კენჭისყრიდან ორი კვირის განმავლობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ჩვენთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, თუმცა ამავდროულად, პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინა საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ამ ეტაპზე თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია სავარაუდოდ არჩეული წევრების ჯანმრთელობის შესახებ. თითოეულ ამ ცნობაში მითითებულია, რომ ისინი არ წარმოადგენენ ნარკოტიკების მომხმარებლებს“, – განმარტა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება, მაჟორიტარობის კანდიდატებს, კანონმდებლობის თანახმად, მათ შესაბამისი შემოწმება მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციისას უნდა გაევლოთ.
პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას ”საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება ინფორმაცია პარლამენტის წევრობის კანდიდატის ჯანმრთელობის ან ნარკოტიკების მომხმარებლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები