მსახიობი ედმონდ მინაშვილი განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

”ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ, რომ ვარ ქართველი, რომ ვარ ამ ულამაზესი ქვეყნის შვილი, სადაც  უნდა წავიდე, ეს იქნება კინო თუ თეატრალური ფესტივალი, ყველგან დიდი სიამაყით და სიყვარულით წარმოვადგენ  ჩემს ქვეყანას. ვამაყობ ჩვენი წარსულით, იმ დიდი ისტორიით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ვამაყობ ჩემი ოჯახით, ჩემი წინაპრებით. დღემდე სიმართლით ვიცხოვრე, პატიოსანი შრომით, სამართლიანი გზით, აგერ უკვე 30 წელია. ვიქნები ყოველთვის ჩემი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის ღირსეული მსახური. დღემდე არ გამიწყვეტია შუბლის ძარღვი.

2012 წლიდან დაიწყო ახალი ბრძოლა, ბრძოლა წესების გარეშე, ქართველმა ერმა უარი გამოუცხდა რეჟიმს, რომელიც სისხლით და სიძულვილით იყო ნაშენები, რეჟიმს რომელიც აუპატიურებდა თავის მოქალაქეებს, კაცსაც და ქალსაც, ართმევდა ღირსებას, უკარგავდა  შვილებს მამას და მამებს შვილს, დედას ქმარს, ქმარს ცოლს, თესავდა  შიშს და სიძულვილს, საშვილთაშვილოდ იდგამდა შხამიან ფესვებს, აკანონებდნენ უკანონობას, სამართალს ცვლიდნენ უსამართლობით… გონიერია ის ერი, რომელიც იბრძვის მომავლისთვის და არ ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით.

2012 წელს ზუსტად ამ სისტემის წინააღმდეგ გაერთიანდა სრულიად საქართველო და უთხრა არა – უსამართლობას, აირჩია თავისუფლება. მე ვამაყობ, რომ ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომლებმაც შეძლეს დაემარცხებინათ ბოროტება, თავისი მოქალაქეებისთვის ის ყულფი ჩამოეხსნათ, რომელიც 9 წელი ახრჩობდა სინდისს და ღირსებას. ამ ყველაფრის  შემდეგ, დაუნახვი და უმადურია ის, ვინც ვერ ხედავს განსხვავებას ძველსა და ახალს შორის.

ძალიან ვწუხვარ და მაშფოთებს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღეს კიდევ უჭერს მხარს ბოროტებას. არ მესმის იმ პორტირებული პოლიტიკოსების, რომლებიც 2012 წლამდე იდგნენ იქ, სადაც უხვად მოედინებოდა შხამიანი ერბო და რძე, ხოლო დღეს ბატკნის ტყავში გახვეული იფერებს სამართლიანობას და თამაშობს უცოდველს. საშინელება ის არის, რომ კიდევ უნდა ვისმინოთ მომავალი ოთხი წელი “ნაციონალების” დემაგოგიური განცხადებები, მათი, ვითომ ჭკუის დამრიგებელი რიტორიკა. დიახ, კვლავ უნდა ვიხილით მათი ყალბი სახეები. არ მესმის იმ ხალხის, ვინც ხმა მისცა ამ ბოროტებას.

მეგობრებო, წინ მეორე ტური გველოდება. შემთხვევით არაფერი ხდება. აუცილებლად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას. მე მჯერა თქვენი სიბრძნის, თქვენი ნიჭიერების. ავირჩიოთ თავისუფლება, კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება.

მე ვამაყობ რომ ვარ ქართველი, მეამაყება რომ სწორი ნაბიჯებით მივუყვები ჩემს გასავლელ ბილიკს, რომ ვარ ულამაზესი ქვეყნის შვილი, სიგიჟემდე ვარ შეყვარებული ამ ღვთისგან დალოცვილ მამულზე. ჩვენი საქართველო აქ არის!”, – აცხადებს ედმონდ მინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები