დავით თევზაძე თარგამაძეზე: ეს იყო დადგმული სცენარი, რომლითაც “ნაციონალების” აქციისთვის მუხტის აწევას ვარაუდობდნენ

ხელისუფლებას, რომ სდომოდა თარგამაძის მკვლელობა, ის აუცილებლად მკვდარი იქნებოდა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა.
თევზაძე თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას დადგმულს უწოდებს და თვლის, რომ სცენარმა არ იმუშავა, რის გამოც ანალოგიურის განმეორებას არ გამორიცხავს.
“გეგმამ აშკარად ვერ იმუშავა, ჯერ იმ ის გამო, რომ კარგად ვერ შეარჩიეს ვისი მანქანა უნდა აეფეთქებინათ. ბატონი გივი ბევრს არ უყვარს, ყველას კარგად ახსოვს მისი ფრაზები და მუხტმაც ცხადია არ აიწია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამ დარჩენილ დროში განმეორდეს ანალოგიური. რუსეთს, ან საქართველოს ხელისუფლებას, რომ სდომოდა მისი ლიკვიდაცია, აუცილებლად მკვდარი იქნებოდა. ეს იყო დადგმული სცენარი და თუ ვის სჭირდებოდა, ეს ყველასთვის ცხადია, გუშინდელი აქციისთვის ალბათ მუხტის აწევას ვარაუდობდნენ, თუმცა არ გამოვიდა.
ზოგიერთ ჟურნალისტებს ადგილზე მისვლა ცოტა ნაკლებად უნდა ეჩქარათ… ამ გეგმამ ვერ იმუშავა. რა არის სათადარიგო და შემდეგი არ ვიცი, თუმცა, ეს არ იქნება პირველი აფეთქება”, – განაცხადა„დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერეცნიაზე.
თავდაცვის ყოფილ მინისტრის ვარაუდით, საქმის გამოძიება არჩევნებამდე ვერ მოხდება, რადგან უამრავი ექსპერტიზის პასუხი დასადებია. თევზაძეს მიაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი დროულად იქნება გამოძიებული და მოსახლეობისთვის უფრო ცხადი გახდება, თუ ვის ინტერესში ჯდებოდა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები