ალექსანდრე ჯეჯელავა: ბათუმში, თურქულ სკოლაში თავდაპირველად თურქეთის მოქალაქეები ისწავლიან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბათუმში, თურქულ სკოლაში თავდაპირველად თურქეთის მოქალაქეები ისწავლიან, ხოლო აკრედიტაციის გავლის შემდეგ, იქ სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება შესაძლებელი .
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამინისტროს თურქულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს, რათა სკოლა ორივე მხარემ ერთად განავითაროს.
”ბათუმის სკოლაზე გარკვეულწილად მესიჯები არასწორად გავრცელდა. ჩვენ ბათუმის სკოლასთან დაკავშირებით კომუნიკაცია თვეებია უკვე გვაქვს. გვქონდა შეთანხმება თურქულ მხარესთან და ეს შეთანხმება დღესაც გვაქვს. გუშინაც ვესაუბრე ელჩს და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რომ ეს სკოლა განვავითაროთ ერთად. ის იქნება თურქეთის მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე, შემდეგ ის იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მას შემდეგ რაც გაივლის აკრედიტაციას და გახდება ჩვენი სისტემის ნაწილი”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ახალი სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე იწარმოებს, სასწავლო პროგრამა თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმირებული არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები