ყირგიზეთის პრეზიდენტი თურქეთის საგარეო მინისტრს პასუხობს: არავის აქვს უფლება, საკუთარი მოთხოვნები თავს მოახვიოს სხვებს

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაიევმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ყირგიზეთში მყოფმა ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეებმა შესაძლოა, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, აბსურდი უწოდა.
პრესკონფერენციაზე, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ მევლუთ ჩავუშოღლუს ვარაუდებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ატანბაიევმა შემდეგი პასუხი გასცა:
“ეს სრული აბსურდია. თუკი ასეთი ჭკვიანები არიან, რატომ ვერ შეძლეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროულად შემჩნევა და აღმოფხვრა? რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით მოვეკიდებით ასეთი ტიპის მესიჯებს და, შესაბამისად, განვიხილავთ მათ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არავის აქვს უფლება, დაგვაშინოს და ჭკუა გვასწავლოს ასეთ საკითხებში“.
პრესკონფერენციაზე ატანბაიევი აგრეთვე შეეხო თურქეთ-ყირგიზეთს შორის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თურქეთი დაეხმარა ყირგიზეთს მისთვის რთულ პერიოდში და რომ ამისთვის ის და მისი ქვეყანა მადლიერებას გამოხატავენ თურქეთის მიმართ, თუმცა, იქვე დასძინა მან, არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვას თავს მოახვიოს საკუთარი პრობლემები და მოთხოვნები.
„ყირგიზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ჩვენ თავად ვიღებთ გადაწვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ. სახელმწიფოები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს და არ უნდა ჩათვალონ, რომ ჩვენ დავთანხმდებით ნებისმიერი სახის მითითებებს გარედან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვესაჭიროება არანაირი დახმარება. ჩვენ მადლობელი ვართ გაწეული დახმარებებისათვის, მაგრამ, ამასთანავე, არ მივცემთ არავის იმის უფლებას, რომ საკუთარი ნება თავს მოგვახვიონ“, – განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

წყარო: www.cumhuriyet.com.tr

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები