ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკება განახლდა
ერევანში განახლდა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის მოლაპარაკება. შეიარაღებული პირები 17 ივლისის შემდეგ ერევნის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობაში იმყოფებიან. ისინი ერთ-ერთი ოპოზიციური ორგანიზაციის წარმომადგენლის გათავისუფლებას მოითხოვენ. კვირას შეიარაღებულმა პირებმა ყველა მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ ორი დღის შემდეგ მძევლად „სასწრაფო დახმარების“ ექიმები აიყვანეს. ისინი დღემდე მძევლად იმყოფებიან.
სომხური მედიის ცნობით, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებას მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიტალი ბალასანიანი ხელმძღვანელობს. ის შეიარაღებულ პირებს დანებებისკენ მოუწოდებს, რათა სისხლისღვრა არ მოხდეს. თავის მხრივ, შეიარაღებული პირები უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვენ. პოლიციის შენობაში შეჭრილი პირების მომხრეები ამ ადგილას თითქმის ყოველდღე აქციებს მართავენ. ერთ-ერთი ასეთი მიტინგის დროს მათ და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა 30 ადამიანი დააკავეს.