თურქეთში მედიასაშუალებების დახურვასთან დაკავშირებით ვაშინგტონი ანკარისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
აშშ-ის ხელისუფლება თურქეთში მედიასაშუალებების დახურვასთან დაკავშირებით ანკარისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ძალზე შეშფოთებული ვართ მედიასაშუალებების დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. აშშ მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლებას მხარს უჭერს. მიუღებელია, როდესაც რომელიმე ქვეყანა ამ უნივერსალურ ფასეულობებს ზღუდავს. ჩვენ თურქეთის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ“, – განაცხადა კირბიმ.
ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირის გამო 16 ტელეკომპანია, 23 რადიოსადგური, 45 გაზეთი და 29 საგამომცემლო სახლი დახურა.