თურქული დაზვერვა – გიულენი აშშ-დან გაიქცა
თურქეთის დაზვერვის ინფორმაციით, ისლამის მქადაგებელმა ფეთჰულაჰ გიულენმა, შესაძლოა, აშშ-ის ტერიტორია დატოვა. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. მისი თქმით, გიულენი, რომელსაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ, ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ან ეგვიპტეში შეიძლებოდა წასულიყო. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გიულენი სახელმწიფო გადატრიალების 40 წლის განმავლობაში ამზადებდა და პუტჩის შემდეგ თურქეთში დაბრუნებას გეგმავდა. ფეთჰულაჰ გიულენი აშშ-ის პენსილვანიის შტატში 1999 წლიდან ცხოვრობს. ანკარა ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას მოითხოვს. თავად გიულენმა სამხედრო ამბოხება კატეგორიულად დაგმო და მასთან კავშირი უარყო.