მამუკა არეშიძე: ყველაზე მთავარი, რაზეც აშშ-მ და თურქეთმა შეიძლება ივაჭრონ, ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა

ყველაზე მთავარი, რაზეც შეიძლება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთის ხელისუფლებამ ივაჭროს, ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა. ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ასევე ვაჭრობის საგნად ქცეული ფეთჰულაჰ გიულენის აშშ-ს მხრიდან თურქეთისთვის გადაცემა არ მოხდება. „მხარდამჭერების რაოდენობის მიხედვით, ფეთჰულაჰ გიულენის ფიგურა აშშ-თვის მნიშვნელოვანია ისლამურ სამყაროში ვითარების მართვისთვის. მისი გადმოცემა არ მოხდება, თუმცა ვაჭრობის საგანი აშშ-ს მხრიდანაც იქნება. ყველაზე მთავარი, რაზეც აშშ-მ და თურქეთმა შეიძლება ივაჭრონ, ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა არა იმიტომ, რომ სირიაში ისლამისტები დაბომბოს, არამედ იმისთვის, რომ ინჯერლიკი ამ სივრცეში ატომური იარაღის მთავარი საწყობია. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ინჯერლიკი ძალიან სერიოზული ბაზაა და ამერიკელები არ დათმობენ“, -განაცხადა მამუკა არეშიძემ. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ინჯერლიკის ბაზის ხელმძღვანელი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა საქმის კურსში აუცილებლად იქნებოდა. „პროცესებში ჩართული იმდენად ვერ იქნებოდა, რამდენადაც მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, მაგრამ მისი გაწირვა იმას ნიშნავს, რომ აშშ-მ ერდოღანს დაუთმო. ეს დათმობა არ ნიშნავს, რომ აშშ თურქეთს კიდევ დაუთმობს“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ. რაც შეეხება ინჯერლიკის ბაზასთან დაკავშირებით საფრთხეების არსებობას, მამუკა არეშიძის განმარტებით, საფრთხე არ არსებობს, რადგან თურქეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ ბაზის, როგორც ატომური საწყობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები