მაკა ჩიჩუა სოციალური საწარმოს „მებიუსი” გახსნას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ბაზაზე შექმნილ სოციალურ საწარმოსა და სამკერვალო „მებიუსის” გახსნას დაესწრო.
პირველმა ლედიმ საწარმო დაათვალიერა და პრეზენტაციაზე გამოფენილ ნამუშევრებს გაეცნო.
მაკა ჩიჩუამ მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ ყოველთვის მიესალმება ასეთ ინიციატივას, როცა ადამიანებს გარკვეული შეზრუდვებით, ეძლევათ შესაძლებლობა, დაეუფლონ სხვადასხვა ხელობას და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია.
,,ეს საწარმო ემსახურება ბენეფიციარების ინტეგრირებას საზოგადოებაში და აძლევს მათ შესაძლებლობას, თავიანთი ნიჭის მიხედვით შექმნან ისეთი პროდუქცია, რომელიც ნებისმიერმა მომხმარებელმა შეიძლება დიდი სიხარულით შეიძინოს.
მინდა ყველას მოვუწოდო, მხარი დაუჭიროს მსგავს სოციალურ საწარმოებს, რათა ამ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთი შრომის რეალიზება მოახდინონ”, – აღნიშნა პირველმა ლედიმ.
საწარმოში დასაქმებულები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, რომლებიც ტექსტილზე მუშაობენ.
პრეზენტაციაზე საწარმოში დასაქმებულ პირთა სხვადასხვა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მათ შორის ფერწერული ნახატები, ხის ნაკეთობები, თექისა და ტექსტილის ნაწარმი.
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ღონისძიებას შვილთან ერთად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები