დავით უსუფაშვილი: პრობლემა ჩვენშია – პოლიტიკოსებში
პრობლემა ჩვენშია – პოლიტიკოსებში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებში და ეს ნათლად ჩანს არა მხოლოდ განათლების, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განათლების სფროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კონფერენციაზე: “სასკოლო განათლება – საქართველოს მომავალი” განაცხადა.
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სასკოლო განათლების ამოცანა ის არის, რომ ყველა ადამიანი განათლებული იყოს.
“ნიჭიერები და გამორჩეული ნიჭით მომადლებული ადამიანები ყველა ეპოქაში არსებობენ და ისინი კვალს იკვალავენ, მაგრამ, როცა სასკოლო განათლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ე.წ. ხუთოსნებზე არ ვლაპარაკობთ. სასკოლო განათლების ამოცანა არ არის ის, რომ ჩვენ საამაყოდ განათლებული ადამიანები გვყავდეს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანი განათლებული გვყავდეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ სფეროში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ძალიან დიდია ზღვარი კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა, ეს დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ინდივიდუალურად გზის გაკვალვას ყოველთვის ახერხებენ, ჩვენ კი, ერზე და მთელ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ამ პრობლემის სიღრმეში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ის ისმის, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები იმის ბრალია, რომ ჩვენ სათანადო პოტენციალი არ გვაქვს პედაგოგების, ან დაფინანსებაა ნაკლები. პრობლემის სათავის მოძიება სხვადასხვა მხარესაა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრობლემასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
“ამ ტრიბუნიდან სიმართლის თქმა უპრიანია. პრობლემა ჩვენშია – პოლიტიკოსებში, ანუ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებში და ეს პრობლემა ძალიან ნათლად ჩანს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა და გრელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, შემუშავება და გაყოლა. ყველა იმ საკითხში, რომელიც ვერ ეტევა ერთთვიანი, ან ოთხწლიანი სახელისუფლებო ციკლის პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველგან დიდი პრობლემები გვაქვს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.