დავით უსუფაშვილი: ჩართულნი ვართ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო კონკურენციაში
ჩვენ ვერთვებით და ჩართულნი ვართ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო კონკურენციაში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაზე – „სასკოლო განათლება – საქართველოს მომავალი“ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ქვეყნის უპირველეს საზრუნავს მოქალაქეების, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებს ეძღვნება.
„განათლება უპირველესი საზრუნავია და ეს ცივილიზაციის საწყისი ეტაპებიდან გვესმის. ძალიან ხშირად, ჩვენი საუბრები საუბრებად რჩება და რეალურ ქმედებებში, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე განათლება – სასკოლო განათლება იმ დონის პრიორიტეტად არ და ვერ იქცა, რასაც ის იმსახურებს. განათლებული ადამიანი ყველა საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, განსაკუთრებით, ჩვენნაირი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყნისთვის, რომელიც თავისი ლელოს გასატანად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ძალიან კონკურენტუნარიან ძალიან ძლიერ მოქალაქეებს საჭიროებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპის დედაქალაქიდან, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მორიგი სასიხარულო ინფორმაცია მიიღო.
„სულ რამდენიმე თვეში, ჩვენს მოქალაქეებს ევროპულ სივრცეში გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. ეს ყველაზე ევროპული ოჯახის წევრობის უფრო ნათელი მაგალითია, მაგრამ ეს სხვა რამესაც ნიშნავს. იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერთვებით და ჩართული ვართ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო კონკურენციაში. საქართველოს მოქალაქეები კონკურენტუნარიანები და ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ მყარი საფუძველი, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები და ჩვენი წარსული გვაქვს, მაგრამ ფონს მხოლოდ ამით ვეღარ გავალთ. ჩვენ განათლებული უნდა ვიყოთ და ყველა სფეროში მომზადებული უნდა ვიყოთ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და სხვა დარგებში. სხვანაირად, თუ საიდანმე ქართველებს, ქართველობის, საქართველოს პრობლემა გველის, სწორედ აქედან და არა სხვა მოვლენიდან. ეს იქნება ეკონომიკური ინტეგრაცია, კულტურული ინტეგრაცია, თუ სხვა პროცესები. ამასობაში, ჩვენი საკუთარი ისტორია გვაჩვენებს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას ეპოქალურ გამოწვევებზე ყოველთვის სათანადო რეაგირების უნარი ჰქონდა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. პარლამენტში აღნიშნული კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს.