დავით უსუფაშვილი K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა კომპანია K-Water-ის უფროს აღმასრულებელ დირექტორთან, ჩოი გივუნთან გამართა.
მხარეებმა „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კომპანია, საპარტნიორო ფონდთან ერთად, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს. K-Water პროექტში 1 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც აღინიშნა, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, კორეის რესპუბლიკისთვისაც.
მხარეების განცხადებით, სასურველია, უფრო ხშირი იყოს ისეთი პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე კომპანია K-Water-ის საქმიანობის, კორეის რესპუბლიკასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტს 28 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები