„ახვლედიანს წინა წლებში ერთხელ მაინც მხრები რომ აეჩეჩა, ან თავი მაინც გაექნია რაღაცაზე, თანაგრძნობას გავუწევდი“
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მოსამართლე მამუკა ახვლედიანის გადაყენების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ქანთარია პროცესების უკან სასამართლოს დისკრედიტაციის მიზნით ჯგუფურ კამპანიას უფრო ხედავს, ვიდრე ერთი ადამიანის სიმართლისთვის ბრძოლას.
დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეს, რომელსაც წინა წლებში მხრებიც კი არაფერზე აუჩეჩავს და თავიც კი არ გაუქნევია, დღეს ის ვერ თანაუგრძნობს.
„ბატონ მამუკა ახვლედიანს მე გავუწევდი თანაგრძნობას, ერთხელ მაინც წინა წლებში რომ მხრები მაინც აეჩეჩა, ან თავი გაექნია რაღაცაზე… მე მაშინ მის მიმართ თანაგრძნობა გამიჩნდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მახსოვს. დღეს ვითომ სიმართლის დამცველად გვევლინება. მეჩვენება, რომ ესეც შეგნებული კამპანიაა სასამართლოს წინააღმდეგ, რადგან ძალიან ბევრ ინსტიტუტს შეეხნენ, დაწყებული პოლიციით, რომ როგორმე მათი დისკრედიტაცია მომხდარიყო. ახლა, როგორც ჩანს, ჯერი სასამართლოზეა, უნდათ, რომ ეს ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი როგორმე შეარყიონ და ხალხში ავტორიტეტი დააკარგვინონ. ამის მეცადინეობის ჯგუფურ კამპანიას უფრო ვხედავ, ვიდრე ერთი ადამიანის სიმართლისთვის ბრძოლას“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარიას თქმით, სასამართლო დღეს თავისუფალია და მას სჯერა, რომ ნინო გვენეტაძეს ერთადერთი სურვილი აქვს, სასამართლო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.