დავით უსუფაშვილი ორდღიანი ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 თებერვალს, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. კორეის დედაქალაქ სეულში საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჩანგ უი-ჰვასთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კომპანია “სამსუნგ ელექტრონიქსის” მონახულება და მის ვიცე-პრეზიდენტთან, კიმ დოჰიუნთან შეხვედრა. დელეგაციის წევრები კომპანია “სამსუნგის” ინოვაციების მუზეუმს და კომპანია “K-Water”-ის მართვის ცენტრსაც მოინახულებენ და კომპანიის უფროსს, აღმასრულებელ დირექტორს, ჩოი გივუნს შეხვდებიან.
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები კორეის რესპუბლიკის კულტურულ და ისტორიულ ადგილებსაც დაათვალიერებენ.
კორეის რესპუბლიკას ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე ეწვევიან.