უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო უწყება მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამ დავალების შესახებ ცნობილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა მოიწონა.
“ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ისინი უცხოეთში გარდაიცვლებიან, მათი ახლობლები, თუ მონახეს ნაცნობი ან კონტაქტი მთავრობაში, ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და მოგვმართავენ და ჩვენ მთავრობის სხდომაზე გადმოსვენების საკითხს ვიხილავთ.
ასევე პრობლემაა ის, რომ ბევრი ადამიანია, ვინც ესა თუ ის არხი ვერ მონახა და, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვამი თვეობით უცხოეთშია. მე მგონია, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო. ეს ავტომატურ პროცესად ვაქციოთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალოთ, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც მოგვმართავს დაფინანსებით და დახმარებით უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულები.
დღესდღეობით ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არაერთი ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქე გადმოსასველებელია და უცხოეთში ინახებიან მაცივრებში – არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ მართლაც და, ჩვენი ღირესების საკითხია, რომ ამ ოჯახებს მივხედოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები