„რესპუბლიკელები“ ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომთან“ დაგეგმილი ხელშეკრულების ირგვლივ კითხვებზე პასუხს ითხოვენ

პარლამენტის ფრაქცია „რესპუბლიკელები“ , ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომთან“ დაგეგმილი ხელშეკრულების ირგვლივ კითხვებზე პასუხს ითხოვენ. როგორც ფრაქციის წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, როდესაც საუბარი დაიწყო „გაზპრომთან“ ურთიერთობების განახლებაზე და ხელშეკრულების გაგრძელებაზე, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ვრცელი წერილი გააგზავნა ენერგეტიკის მინისტრთან, რომლის პასუხიც პარლამენტის წევრებმა 2015 წლის 30 ოქტობერს მიიღეს.
ფრაქციის წევრები ინტერესდებოდნენ, იზრდება თუ არა რუსული გაზის მოწოდება საქართველოში და თუ იზრდება, რა სეგმენტზე? იქნება ეს სოციალური გაზი თუ კომერციული? და გათვლილი იყო თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება „გაზპრომთან“ ურთიერთობას მოჰყოლოდა.
კორძაიას განცხადებით, სამინისტრომ მათ კითხვებს უპასუხა, თუმცა, მისი თქმით, გუშინ სამინისტროსგან და მინისტრისგან გაჟღერებული ინფორმაცია, მათთვის ოფიციალურად 30 ოქტომბერს მოწოდებულ ინფორმაციას არ შეესაბამება.
„ჩვენთვის გაცემულ პასუხში მითითებულია, რომ „სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით „სოკართან“ გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან, სახელმწიფო „გაზპრომიდან“ კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციულ სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მომწოდებელი და ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმონ“. ამ ერთი პუნქტიდან ჩანს, რომ არც სოციალურ გაზზე იგეგმებოდა რუსეთიდან გაზის მოწოდების გაზრდა და არც კომერციულ გაზზე,
გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს გაზის ოდენობა იმ დეფიციტის შესავსებად, რაც საქართველოს აქვს. ასეთ შემთხვევაში გვჭირდება დასაბუთება, რომელი სეგმენტი იზრდება და რა მოხდა ამ ორ თვეში ისეთი, რომ ეს პირობები შეიცვალა. დღეს, 2 თვის შემდეგ, ჩვენ ვიგებთ იმას, რომ „გაზპრომისგან“ გაზის მოწოდება უნდა გავზარდოთ . 2 თვის წინ მსგავსი რამ არ იგეგმებოდა.
კითხვაზე, გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომლებიც შეიძლება „გაზპრომთან“ ურთიერთობას მოჰყვეს. პასუხად შემდეგი მივიღეთ: „იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება სახელმწიფოს მიერ „გაზპრომიდან“ კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“.
ჩვენს ფრაქციას აქვს შეკითხვა, რადგან ამ ორი თვის განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა, მოხდა თუ არა და დაიწყო თუ არა პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია? ჩვენ გვჭირდება პასუხი, თუ რა მოხდა 2 თვის განმავლობაში ისეთი, რომ ამ წერილის შინაარსი შეიცვალა“, – აცხადებს თამარ კორძაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები