რატომ არ დასახელდა გარდაბანში გამგებლობის კანდიდატად მამუკა არეშიძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” გარდაბანში გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე იქნებოდა.
მაშინ თავად არეშიძეც ადასტურებდა, რომ აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა და პარტიისთვის წინასწარი თანხმობაც ნათქვამი ჰქონდა.
“კვირა“ დაინტერესდა, რატომ არ წარადგინა “ქართულმა ოცნებამ“ გამგებლობის კანდიდატად მამუკა არეშიძე.
როგორც თავად მამაუკა არეშიძემ „კვირას“ განუცხადა, მისი სურვილი იყო, რომ გამგებლის პოზიცის დაკავების შემდეგ, გარდაბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარად ეყარა კენჭი, თუმცა პარტიის წარმომადგენლობასთან კონსენსუსი ვერ შედგა.
“მათგან მივიღე ლოგიკური უარი, იმიტომ, რომ ჩემი მაჟორიტარად წარდგენის შემთხვევაში გარდაბანში გამგებლის არჩევნების კიდევ ერთხელ ჩატარება მოუწევდათ 6 თვეში, ამიტომ გადაწყდა სხვა კანდიდატურა“,- აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მამუკა არეშიძემ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა.
გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მამუკა არეშიძე გარდაბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები