აფერხებს თუ არა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გუდაურის წყალმომარაგებას – რას აცხადებს სანდრო ონოფრიშვილი

სასტუმრო “თრუსოს” დამფუძნებლისა და გუდაურის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კარიჭაშვილის განცხადებით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემას, მწყობრიდან გამოსულ წყლის სისტემასთან ერთად, ხელოვნური გათოვლიანების პროექტიც ქმნის.
კარიჭაშვილი “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემას წყლის მარაგის დიდი რაოდენობა მიაქვს.
“გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა დიდი ხანია არსებობს. ამის ერთი მიზეზი არის ეს ამორტიზებული წყლის სისტემები. გუდაურის წყლის შემკრებ ნაგებობას, რომელიც 25 წლის წინ აშენდა, არ ჩატარებია რეაბილიტაცია. სამაგიეროდ, იზრდება შენობების რაოდენობა, რასაც არსებული წყლის სისტემა ვერ უძლებს. წყალმომარაგების პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა გათოვლიანების სისტემამ. ამ სისტემას წყლის დიდი მარაგი მიაქვს საერთო აუზიდან. სრული ქაოსია, ყველა ცდილობს, რომ წყალი თავისკენ გადაქაჩოს და ამასობაში უამრავი ადამიანი ზარალდება“,- განუცხადა “კვირას“ სასტუმრო “თრუსოს” დამფუძნებელმა.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ხელოვნური გათოვლიანების სისტემისა და წყალმომარაგების პრობლემას შორის კავშირს ვერ ხედავს და მსგავსი შინაარსის განცხადებებს საფუძველს მოკლებულს უწოდებს.
როგორც სანდრო ონოფრიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, წყალმომარაგების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ძლიერი ყინვა და, ტურისტების დიდი ნაკადის გამო, წყლის მომატებული მოხმარება გახდა. ამასთან, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი წყლის სისტემების არასახარბიელო მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ წყალმომარაგების გამართულობის პრობლემას ეს ფაქტორიც განაპირობებს. მისი თქმით, პრობლემის გადასაწყვეტად პროექტი გაზაფხულზე დაიწყება და სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. სანდრო ონოფრიშვილის თქმით, ამ დროისთვის გუდაურს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. 12476123_434926716713517_647858591_n
“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთას გუდაურის მოსახლეობას და სასტუმროებს წყალი მიეწოდებათ. სასტუმრო „მარკო პოლოს“ მესამე სართულზე იყო წყლის მიწოდების პრობლემა და ამ შეფერხების მოსაგვარებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. წელს გუდაურმა უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი მიიღო, განსაკუთრებით, ახალი წლის შემდეგ, თავისთავად გაიზარდა წყლის მოხმარების ინტენსივობა. ამას დაერთო ყინვებიც. იყო მიკროავარიები წყალსადენ სისტემებზე. ამ ყველაფერმა მთლიანობაში გამოიწვია ის, რომ პირველი იანვრის შემდეგ სასტუმროებს წყლის მიწოდება რამდენიმე საათით უწყდებოდათ.
რაც შეეხება გუდაურში არსებულ წყლის სისტემებს, ისინი არასახარბიელო მდგომარეობაშია, 20 და მეტი წლის მანძილზე რეაბილიტაცია არ ჩატარებიათ. სამუშაოები მილიონობით ლარის დახარჯვას მოითხოვს. ჩემი ინფორმაციით, პრობლემის გადასაწყვეტად პროექტი გაზაფხულზე დაიწყება და სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. გაერთიანებული წყლის კომპანიის ბრიგადები მუშაობის 24 -საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ დაზიანება ოპერატიულად აღმოფხვრან. ასევე მობილიზებულია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წყალი სპეციალური რეზერვუარებით მივაწოდოთ გუდაურს, თუმცა ამისი საჭიროება არ არის. რაც შეეხება განცხადებებს, რომ ხელოვნური გათოვლიანება კავშირშია წყლის პრობლემასთან, ეს უსაფუძვლო და უარგუმენტო მოსაზრებაა. ჩვენ 28 დეკემბრის შემდეგ გათოვლიანების სისტემები არ ჩაგვირთავს, რადგან თოვლი ისედაც მოდის გუდაურში. წყლის მომარაგების პრობლემა კი პირველი იანვრის მერე შეიქმნა. მინდა მივმართო ყველას, ნუ ქმნიან პანიკას და ნუ ცდილობენ სიტუაციის ისე წარმოჩენას, რომ გუდაურში წყალი არ არის“,- განაცხადა “კვირასთან“ საუბრისას სანდრო ონოფრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები