ბათუმში რაგბის მშენებარე სტადიონის სახურავი ჩამოინგრა

ბათუმში დიდთოვლობის შედეგად რაგბის მშენებარე სტადიონის სახურავი ჩამოინგრა. სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა წიგნების მაღაზიაც. კორპუსიდან ჩამოცვენილი თოვლი წიგნების საცავს დაეცა და 2 000 წიგნი დასველდა.
ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ამ დროისთვის აღდგენილია ჩაქვისა და სოფელ ჩაისუბნის გზატკეცილზე დაზიანებული წყლის ცენტრალური მილი და წყალმომარაგება აღუდგათ ჩაქვის, ჩაისუბნის, მახინჯაურისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
„დღეისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. დილიდან ქუჩებში მუშაობა შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა გააგრძელეს. დღის მეორე ნახევრიდან მუშაობას განაახლებს სპეციალური ტექნიკა. ამჟამად იწმინდება მელაშვილის, მაზნიაშვილის, ზუბალაშვილის, მახარაძის, ლერმონტოვის ქუჩების დარჩენილი მონაკვეთები. გრძელდება მოტეხილი ტოტების შეგროვება-გატანის სამუშაოები ბაგრატიონის, აბუსერიძის, გორგასალის, ჭავჭავაძის, პუშკინის ქუჩებზე. ჯგუფი მუშაობს ბულვარშიც, სადაც მიმდინარეობს მოტეხილი ტოტების მოგროვებისა და მერიის საწყობში გადატანის სამუშაოები. არსებული შეშის მარაგი ბათუმში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. პარალელურად, მიმდინარეობს დაზიანებული ტოტების ჩამოჭრა ხეებიდან. აღდგენილია ჩაქვისა და სოფელ ჩაისუბნის გზატკეცილზე დაზიანებულია წყლის ცენტრალური მილი. შესაბამისად, წყალმომარაგება აღუდგა ჩაქვის, ჩაისუბნის, მახინჯაურისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე. ამ დროისთვის ელექტროენერგია მთელ ქალაქს შეუფერხებლად მიეწოდება“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები