“წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა ბიძინამ”

წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა ბიძინამ და, ვფიქრობ, სათანადო შეფასებები გააკეთა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა ბიძინამ. ვფიქრობ, რომ მან სათანადო შეფასებები გააკეთა. რთულ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ჯერ გამოვიკვლიოთ და შემდეგ დავიწყოთ რთული საქმის გაკეთება, რათა არ შევცდეთ, როგორც ჩვენი წინამორბედები ცდებოდნენ, რაც ცოტა მეტ დროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯობია, ასე გავაკეთოთ. მიმდინარე საქმეებთან მიმართებაში ჩვენ ოპერატიულები ვართ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “20:30”-ის ეთერში, დედაქალაქის მერთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ “ნარმანია თავისი მოღვაწეობით არის მეცნიერი”.
“ნარმანიას მე ვაფასებ ძალიან დადებითად და მასზე დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა, რაც მითქვამს მანამდე. ამის წინ მინიშნებაც მივეცი და შენიშვნად ჩათვალეს, როდესაც ვთქვი, რომ მეთოდურია. ნარმანია თავისი მოღვაწეობით არის მეცნიერი, მეცნიერებიდან წამოვიდა ის პოლიტიკაში და შესაძლოა, მთლიანად ეს შლეიფი ვერ მოიშორა. ზედმეტად მკვლევარია, მაგრამ ეს არ აზარალებს იმას, რასაც აკეთებს ნარმანია. შეიძლება ცოტას აყოვნებს, ცოტას აფერხებს, შეიძლებოდა უფრო ცეცხლის დანთება, მაგრამ, საერთო ჯამში, ნარმანიას სახით ჩვენ გვყავს ხალხის სამსახურში მდგარი პოლიტიკოსი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები