დავით ნარმანია: ქალაქს დაუსუფთავებელს ვერ დავტოვებთ, ამიტომ აუცილებელი წესით ჩანაცვლდებიან
თბილისის მერი დავით ნარმანია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს აქვთ უფლება, აზრი გამოხატონ, მაგრამ აუცილებელი წესით რეზერვში არსებული თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან.
“არის რამდენიმე ადამიანი, რომელთაც დისციპლინური გადაცდომის გამო შედარებით ნაკლები თანხა ჩაერიცხათ. ეს მოქმედი კანონმდებლობიდან და წესებიდან გამომდინარეობს. მათ აქვთ უფლება, აზრი გამოხატონ, მაგრამ, მეორე მხრივ, ქალაქს დაუსუფთავებელს ვერ დავტოვებთ, ამიტომ აუცილებელი წესით რეზერვში არსებული თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან”,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.
“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლების ნაწილი ხელფასების მომატებისა და მე-13 ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით დილიდან გაფიცულია. აღნიშნული მოთხოვნით თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის წევრები განმარტავენ, მათ დაჰპირდნენ, რომ მე-13 ხელფასს მიიღებდნენ, თუმცა დღეს გაირკვა, რომ დანამატს თანამშრომელთა ნაწილი ვერ მიიღებს.