დიდ ბრიტანეთში ძველებური ხიდი ჩაინგრა
ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტადკასტერში წყალდიდობის დროს ძველებური ხიდი ჩაინგრა. სახიფათო ზონიდან ხალხი წინასწარ იყო ევაკუირებული. მდინარე ვორფში წყლის დონის მატების გამო პოლიციამ ხიდზე მიმოსვლა ჯერ კიდევ შაბათს შეაჩერა, ვინაიდან კონსტრუქციის ჩანგრევის საფრთხე არსებობდა.
საბოლოოდ ხიდმა წყლის ნაკადს ვერ გაუძლო და მისი დიდი ნაწილი ჩაინგრა. დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მეტეოროლოგებმა და შესაბამისმა სამსახურებმა მოსახლეობა წყლის დონის მატების საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.