პენტაგონი ირანს პროვოკაციაში ადანაშაულებს
აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ირანელმა სამხედროებმა ორმუზის სრუტეში რაკეტები მაშინ გამოსცადეს, როდესაც იქ ამერიკული საბრძოლო ხომალდები იმყოფებოდნენ, მათ შორის ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“. ეს გემები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის, კაილ როინსის განცხადებით, ირანის თავდაცვის უწყებამ ამერიკელებს მოსალოდნელი წვრთნების შესახებ მხოლოდ 23 წუთით ადრე აცნობა. შეერთებული შტატების სამხედრო მეთაურობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ირანის ასეთი ქმედება არის პროვოკაციული, არაპროფესიონალური და საფრთხის შემცველი. ის ეჭვქვეშ აყენებს ირანის მიერ საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების პატივისცემას, რაც საერთაშორისო ვაჭრობისთვის არის მნიშვნელოვანი“.