თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა იპოვა

თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომანქანაში ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი და 30 ვაზნა იპოვეს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრი ინციდენტს სამართალდამრღვევებთან ეროვნული პარკის დირექტორის უკომპრომისო ბრძოლას უკავშირებს.
“დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს იმ ფაქტზე, რომელიც გამოვლინდა 27 დეკემბერს თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის, ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომანქანაში. მანვე აღმოაჩინა 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ და, უშუალოდ, ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში. სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარა წარწერით – “გაფრთხილებთ, წადით!”.
მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ეს ადამიანი, გინდა თანამშრომელი და გინდა – სხვა, რომ ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს: წესრიგის, კანონიერების დაცვის, უკანონო ხე-ჭრის წინააღმდეგ ბრძოლის, უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლის, გაგრძელდება და მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა დაცული იყოს”, – განაცხადა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შს მინისტრი, ხოლო მთავარ პროკურორს დღეს შეატყობინებს.
ფაქტზე კომენტარი გააკეთა თავად ლევან კაპანაძემაც. როგორც მან განაცხადა, ავტომობილში ხელყუმბარები ავტოსამრეცხაოს თანამშრომლებმა იპოვეს. ლევან კაპანაძისთვის უცნობია, რა ვითარებაში შეიძლება მოხვედრილიყო მოწყობილობები მის ავტომანქანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები