ბანკის ძარცვის მცდელობისთვის დაკავებულს შესაძლოა, კავშირი ბოლო პერიოდში მომხდარ სხვა ანალოგიურ ფაქტებთანაც ჰქონდეს
ბანკის ძარცვის მცდელობისთვის დღეს დაკავებულ პირს შესაძლოა, კავშირი ბოლო პერიოდში მომხდარ სხვა ანალოგიურ ფაქტებთანაც ჰქონდეს, – ამის შესახებ შს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ განაცხადა.
“დღეს დილით, თბილისში, ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბანკის ყაჩაღობა აღკვეთეს. შენიღბულმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს მოთხოვა, გაეღოთ კარი. ბანკის თანამშრომლებმა მას კარი არ გაუღეს, რასაც მოჰყვა თავდასხმა და გასროლა. აღნიშნულზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა. თავდამსხმელმა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც მოჰყვა დევნა და ორმხრივი სროლა. გეგეშიძის ბაღის მიმართულებით გაქცეული პირი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ჩანთა, ნიღაბი და სხვა მტკიცებულებები. საქმეს იძიებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის, 236-ე და 353-ე მუხლებით. დგინდება დაკავებული პირის შესაძლო კავშირი ბოლო პერიოდში ბანკებში მომხდარი ყაჩაღობის სხვა ფაქტებთანაც”, – განაცხადა გოგა რაზმაძემ.
მანვე პატრულის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
როგორც გოგაძემ განაცხადა, მათ მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება გამოიჩინეს და სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
“ჩემი და ჩემი სამინისტროს სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საპატრულო პოლიციის ოფიცრებს – ათეულის მეთაურ ავთანდილ ებანოიძეს, პატრულ-ინსპექტორებს – დავით ჭანტურიას, თემურ ასანიძეს, კობა ჭულუხაძეს, გიორგი კოპალიანს და ბექა ბურდულს, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება გამოიჩინეს და სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ისინი ნამდვილი გმირები არიან”, – აღნიშნა გოგა რაზმაძემ.