თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დარგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვისთვის ორგანიზების გაწევა შპს “თბილსერვის ჯგუფს” დაევალა.
სხდომაზე დადებითად შეფასდა საკითხი 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ფიზიკურ პირთათვის ავტომანქანების ღირებულების ანაზღაურების წესის თაობაზე, რომლის თანახმად, ზარალის აღდგენა 2 კატეგორიის – აღდგენას დაქვემდებარებულისა და განადგურებულის შესაბამისად მოხდება.
“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილების გამო რედაქტირება შეეცვალა “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით “რიყე-ნარიყალა” მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების “ზ” პუნქტს.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საიჯარო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული და მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული შპს ,,მომავლის სკოლა’’.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, დეპუტატები დათანხმდნენ ა(ა)იპ “თბილისის ზოოლოგიური პარკის” მიერ უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემული ფართების მესამე პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული “დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის” ქვეპროგრამის განხორციელების წესსა და 2015 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცებას.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს “თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებასაც. სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები