ირაკლი ღარიბაშვილი: კორეიდან ჩინეთის გავლით საქართველოში სატვირთო მატარებელი დღე-დღეზე შემოვა

კორეიდან ჩინეთის გავლით საქართველოში სატვირთო მატარებელი დღე-დღეზე შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მატარებელს შემოსვლა შტორმის გამო დააგვიანდა.
“ჩვენ ველოდებით მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით შემოვა საქართველოში დღე-დღეზე. შტორმი იყო კასპიის ზღვაზე და ალბათ ამიტომ დააგვიანდა. კორეიდან წამოსული ტვირთი შემოაქვს და მე ვფიქრობ, ეს იქნება სწორედ კარგი დასტური იმისა, რომ ეს პროექტი რეალიზებას იწყებს და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი, ტრანზიტული ქვეყანა ამ პროექტსა და ამ ისტორიულ მისიაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩინური მხარე კორიდორის მაქსიმალურ გახსნას მიესალმება.
“კორიდორის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში. ჩინეთის მხარე თავის მხრივ რა თქმა უნდა, მიესალმება კორიდორის მაქსიმალურ გახსნას და ადასტურებს, რომ აღნიშნულ კორიდორს მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კორიდორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ასევე ეკონომიკური კომისიის ფარგლებში აღინიშნა მისი მნიშვნელობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები