ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიქნებით მთელს ევროპაში მესამე ქვეყანა, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

“ჩვენ ვიქნებით მთელს ევროპაში მესამე ქვეყანა, თუ არ ვცდები, შვეიცარიისა და ნორვეგიის შემდეგ, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გუშინ დაიწყო.
„მე იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტის მნიშვნელობა ყველას კარგად ესმის. მინდა მივმართო ქართველ მეწარმეებს, თავიდანვე დაინტერესდნენ ამ საკითხით და დაიწყონ მომზადება. ჩვენ საქართველოში, ევროპის და აზიის დამაკავშირებელ უნიკალურ ცენტრს შევქმნით, რაც ჩვენი ისტორიული მისიაა, ამის შესრულებას ვიწყებთ რეალურად დღეს. ჩვენ გასულ წელს გავხსენით ევროპის 500-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რომელიც საუკეთესო ბაზრად არის მიჩნეული. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა გააქტიურება, მეტი ინფორმაცია და ბიზნესის ჩართულობა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვყნებებთან და ახლა ვუბრუნდებით ჩინეთს. ეს არის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში. ეს არის მილიარდ 400-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ქართველმა მეწარმეებმა გაიტანონ აბსოლუტურად ნულოვანი დაბეგვრით ნებისმიერი სახის პროდუქცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები