ოთარ დანელია ოლივიე ბურკს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) რეგიონული ოფისის დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ცხოველთა იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის შექმნისთვის ტექნიკური დახმარების პროექტის განორციელების დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აღნიშნულ პროექტს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებით საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სისტემის ევროკავშირის სისტემასთან დაახლოების ვალდებულება აქვს. ამ ვალდებულებების შესაბამისად, ქვეყანაში ცხოველთა იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ერთიანი ბაზა უნდა არსებობდეს, რომელიც, ერთი მხრივ, ექსპორტის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ, კი უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მასზე კონტროლის განსახორციელებლად.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივ ფერმერებთან კომუნიკაციის სისტემის სრულყოფაც.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მესხი და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნიკოლოზ გრძელიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები