თინა ხიდაშელი: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში დაბრკოლება არ შეექმნება

 

ჩვენ შევქმენით და შევთავაზეთ ქართველ საზოგადოებას თავისუფალი სიტყვა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აშშ-ში ვიზიტისას სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) საჯარო გამოსვლისას განაცხადა. თინათინ ხიდაშელმა საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზ ისაუბრა.
„ჩემს ქვეყანაში სამი წლის წინ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა დიდი ტელევიზია თუ მედიასაშუალება ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ იმართებოდა. წარსულის გათვალისწინებით, ამაყი ვარ იმით, რასაც მედიის თავისუფლების კუთხით მივაღწიეთ. თანამედროვე საქართველოში ყველა მედიასაშუალება თავისუფალია, თუმცა, სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდისტული მანქანაც ძლიერდება ქართულ მედიასივრცეში და ეს პროცესიც დემოკრატიული პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ შევქმენით და შევთავაზეთ ქართველ საზოგადოებას თავისუფალი სიტყვა. მათ შეუძლიათ ნებისმიერი აზრი მოისმინონ. საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა კონკრეტული მოსაზრება. სიტყვის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში დაბრკოლება არ შეექმნება,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაა, რომელიც მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტმა მიიღო.
„ჩვენ ვქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც უცხოელ დამკვირვებლებს აღარ გაუჩნდებათ კითხვები იმსახურებს თუ არა საქართველო საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წევრობას – იქნება ეს ევროკავშირი, ნატო თუ სხვა საერთაშორისო გაერთიანება. ეს არის ჩვენი საშინაო დავალებების მთავარი იდეა და მიზანი. ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლად ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რეფორმები და ამავე დროს უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ეს არის ტიპიური ევროპული დემოკრატია, სადაც, მიუხედავად შეცდომებისა, ინსტიტუტები მიზანმიმართულად მუშაობს. ხელისუფლების წარმომადგენლებიც უშვებენ შეცდომებს და სჩადიან კრიმინალს როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა ინსტიტუტები შეუფერხებლად ოპერირებენ. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და მედია, რომელიც საუბრობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე. არსებობს პარლამენტი და მის წინაშე ყველა ანგარიშვალდებულია. ყველა ემსახურება ერთ მიზანს და მოქმედებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩარჩოებში, როგორც ეს დანარჩენ ცივილიზებულ ქვეყნებშია,“- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები