თეა წულუკიანი: ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბევრ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც კარგი კანონები აქვს იმისათვის, რომ აღკვეთოს ქალთა მიმართ ძალადობა, თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და ამ კანონების პრაქტიკული განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
“ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. სწორედ ახლა ჩვენ პირველად ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა 7-წლიან სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. ამას გარდა, საქართველოს უკვე აქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მომზადდა. ამაყი ვარ იმით, რომ სტამბოლის კონვენციას, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად, გასულ წელს მოვაწერე ხელი. ჩვენ მალე ამ კონვენციის რატიფიცირებას მოვახდენთ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ კონვენციის რატიფიცირება. ეს იქნება 20 კანონში ცვლილებათა პაკეტის დამტკიცებაც, რითაც კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ ეროვნულ კანონმდებლობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.