გრიგორი კარასინი თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკით უკმაყოფილოა
რუსული მხარე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკით უკმაყოფილოა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი დისკუსიის დაწყებამდე გააკეთა.
“ჩვენ გვაქვს თემების დაყენების მიზეზი. მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში, ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციები სულ ერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას – იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს”, – განაცხადა კარასინმა” რუსთავი 2″-თან საუბარში.
მისივე თქმით, კრემლი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს აშფოთებს თავის საზღვრებთან ნატოს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა.
“რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რომელ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან ჩვენი მეზობლები. რა თქმა უნდა, გვაშფოთებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პოზიციას არ შევიცვლით. გეოპოლიტიკური ამოცანები ეროვნული ინტერესების მიხედვით უნდა გადაიჭრას. არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლებაზეა”, – განაცხადა კარასინმა.