ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძებნა
“ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზების ძიებაა.
“ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. მივესალმები, რომ ქარტია ხელს უწყობს სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სრულყოფას და თავის საქმიანობით მინიმუმამდე ამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.
მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითიდღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა და ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა სწორედ ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძებნა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.