ხულოს რაიონის 40 სოფელს ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო ხულოს რაიონის 40 სოფელს ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდება. როგორც „კვირას“ ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, დღეს დილით ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა და მოსახლეობის 50 პროცენტს ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდება.
ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება. მისივე ინფორმაციით, თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში დღეს უკვე ერთ მეტრზე მეტს აღწევს, ხოლო ბარში 70-80 სმ-ია. ამ დროისთვის ხულოს სოფლების ცენტრალურ გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ცენტრალურ მაგისტრალზე კი მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა შესაძლებელი. მისივე თქმით, თუ ამინდი გაუმჯობესდა, დიდთოვლობისგან სოფლებში მისასვლელი გზების გაწმენდაც მოხერხდება. ხულოში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს.