“ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანი გაუბედურდებოდა” – ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა guardian.ge -სთან საუბრისას წინა ხელისუფლების დროს მისი ხობის საკრებულოში მუშაობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ განსხვავებული პოზიციის გამო, დევნას განიცდიდა, რასაც მისი „უკანონოდ დაკავება“ მოჰყვა.
როგორც თავად ამბობს, ეს ყველაზე მძიმე პერიოდი იყო მისი ცხოვრების, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ ძირფესვიანად შეცვალა, საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი დაუბრუნა, რაც, მისი თქმით, მანამდე წართმეული ჰქონდა. მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი მანკიერება ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც, საკუთარ თავზე იწვნია, ამიტომაც დღეს კმაყოფილია, რომ „ხელისუფლება პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და იცავს დემოკრატიულ ფასეულობებს“.
როგორი იქნება ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი, რომელზე მუშაობაც თითქმის დასრულებულია, რა პრიორიტეტები განისაზღვრა მომავლი წლის ფინანსურ დოკუმენტში, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა 2015-ში მუნიციპალიტეტში, ამ და სხვა თემებზე ედიშერ ჯობავა guardian.ge -სთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს და შეკითხვაზე – ფიქრობს თუ არა ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებიდან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებაზე? – პასუხობს: „გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავეყრდნობით, როდესაც კონკრეტულად ამ საკითხზე იქნება მსჯელობა.“
-ბატონო ედიშერ, პირველ რიგში, გვინდა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. სწორედ ახლა მიმდინარეობს ხობის საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა. რა იქნება მომავალ წელს თქვენთვის პრიორიტეტული?
-დიახ, ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებისა და მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისადაა განსაზღვრული, უკვე შედგენილია და მიმდინარეობს განხილვა. ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა, პროექტის მიხედვით, შეადგენს 6 601 600 ლარს, აქედან ადგილობრივი შემოსავლები 4 253 900 ლარს, ხოლო საგრანტო შემოსავლები- 2 347 700 ლარს. მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილია102 600 ლარით,რითაც მოგვეცა საშუალება, გაგვეზარდა ჩვენთვის პრიორიტეტული დარგების დაფინანსება, მაგ. „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“- 25 700 ლარით და შეადგენს 518 100 ლარს, საერთოდ ამ დარგის დაფინანსება, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაზრდილია 38%-ით, პრიორიტეტული მიმართულება, განათლების სფერო, გაზრდილია 29%-ით და შეადგენს 1 498 000 ლარს, აქედან სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება გაზრდილია 40%-ით. პრიორიტეტი კულტურის, რელიგიის, ახალგაზდული და სპორტული მიმართულებების დაფინანსება გაზრდილია 42 900 ლარით და შეადგენს 1 038 700 ლარს, რაც შეეხება ასევე პრიორიტეტად მიჩნეულ ინფრასტრუქტურულ მშენებლობას, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციას, მიმდინარე წელს დაფინანსებული იყო 4 483 900 ლარის ოდენობით, მომავალ წელს იგეგმება აღნიშნულის დაფინანსება დაახლოებით 6 მილიონი ლარით.
-რა ადგილი ეკვა 2015 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას. რა ოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული სოციალურად დაუცველთა ოპერაციების დაფინანსებისთვის და რა თანხა იქნება ამ მხრივ ჩადებული 2016 წლის ბიუჯეტში?
-2015 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფერო დაფინანსებული იყო 492 400 ლარით, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის 8%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლისა კი გაიზარდა 518 100 ლარამდე. 2016 წლისთვის სოციალურად დაუცველთა ოპერაციების თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 50 000 ლარი, ნაცვლად 40 000 ლარისა, ასევე დამატებულია C-ჰეპატიტის გამოკვლევებისათვის 15 800 ლარი, უსახლკაროდ დარჩენილთათვის, თავშესაფრის მიღებამდე, ბინის ქირის გადასახადი 10 000 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სამედიცინო-სარეაბილიტაციო თანხები 8000 ლარი, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამა 29 900 ლარი და ა.შ.
-მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ალბათ გამოთქვამს თავის მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ და რა პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაგეგმოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტი. რა არის მათი ძირითადი მოთხოვნა და რამდენად ხერხდება მოქალაქეთა შენიშვნებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინება?
-რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბიუჯეტი, მოსახლეობის ინტერესებისა და მოსაზრებების, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვითაა შედგენილი, ჩვენ გვქონდა შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მათი ინტერესები, 2016 წლის ბიუჯეტში, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში.
-შეიცავს თუ არა დღეს მოქმედი თვითმმართველობის კოდექსი ისეთ პუნქტებს, რომლის შეცვლასაც ისურვებდით?
-როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი თვითმმართველობის კოდექსი სრულ შესაბამისობაშია „ევროპულ ქარტიასთან“ და არის გარანტი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა, რათა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე წარვმართოთ. ესაა დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივი მმართველობის წარმატებული საქმიანობისთვის. ასე რომ ამ ეტაპზე, არა მგონია, რაიმე პუნქტების შეცვლის აუცილებლობა არსებობდეს.
-თითქმის წელიწადნახევარია გასული მას შემდეგ, რაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხართ. რომელ პროექტს თუ პროექტებს გამოყოფდით, რაც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად?
-წარმატებული პროექტების ჩამონათვალი ჩვენს მუნიციპალიტეტში, თამამად ვიტყვი, ბევრია… განსაკუთრებით გამოვყოფდი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს, სამელიორაციო სისტემის აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის შესრულებულ სამუშაოებს, კერძოდ სამელიორაციო სისტემის დაშრობილი ფართობები შეადგენს 26 129 ჰექტარს, აქედან 11 600 ჰა სფერული კვლებია. ბოლო წლებში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა უწყებამ შპს „საქართველოს მელიორაცია“ მაშტაბური სამელიორაციო სამუშაოები ჩაატარა და ადგილობრივ ფერმერებს ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალება მიეცათ. ასევე მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტია ქვესადგურ „ხორგა“-ს მშენებლობის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 12 მილიონ ევროს შეადგენს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისათვის დამატებითი სიმძლავრეების უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ექსპორტი თურქეთში. პროექტი დასრულდება 2016 წელს. ასევე წარმატებულია, ჩვენი მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად მოთხოვნილი პროექტების განხორციელება: ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაა 317 645 ლარი, ხეთა-თორსის წყლის რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულება-530 000 ლარი, ქ. ხობის წყლის რეაბილიტაცია-3 მილიონი ლარის სამუშაოებია უკვე შეარულებული, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ზუბის 5-კილომეტრიანი გზის მოსფალტება ხიდბოგირებითა და 21-მეტრიანი ხიდით – 2 მილიონ 246 ათასი ლარის ღირებულების, ბიის წყალსადენის რეაბილიტაცია-129 488 ლარი, ხობის 5 ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოწყობა-300 000 ლარი. გაიხსნა ახალი საწარმოები: თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, მასში განხორციელებულია 300 000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია, დასაქმებულია 25 ადამიანი. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა პლასტმასისა და ბეტონის ფილების საწარმო, დასაქმებულია 30 ადამიანი. ასევე ბატონი გოდერძი ბუკიას ძალისხმევით, საფუძველი ჩაეყარა სიმინდის ზეთის ქარხნის მშენებლობას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ, ყველაფერთან ერთად, მოქალაქეების დასაქმებას უწყობს ხელს. არის კიდევ სხვა პროექტები, რომელიც იგეგმება. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მომავალში ვისაუბრებ.
-თქვენს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ამბობთ: „გაიღო მაქსიმუმი საკუთარი შესაძლებლობის, მშობლიური კუთხის საკეთილდღეოდ, ნებისმიერი ხობელისთვის ღირსეული მოვალეობაა, თანმდებობა კი, ბუნებრივია, მეტ შესაძლებლობას გაძლევს აკეთო ღირსეული საქმეები“-ო… რისი გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ დღევანდელი თქვენი თანამდებობა?
-მე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვარ ერთ-ერთი დეპუტატი, რომელსაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ამიტომ ჩემთვის ყველაზე ღირსეული მოვალეობა მათი ნდობის გამართლებაა, საკრებულოს თავმჯდომარეობა კიდევ უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ამავე დროს მეტი წვდომისა და სამოქმედო ბერკეტების ქონის შესაძლებლობაა, რომელიც ხელს უწყობს, მოსახლეობის ინტერესებისა და მოსაზრებების გათალისწინებით, მათსავე კეთილდღეობაზე მზრუნველობაში.
– თქვენი წარსულიდან ირკვევა, რომ ძალიან ხშირად გმტრობდნენ, ასე ვთქვათ, განსხვავებული ხედვის გამო. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით ამ წარსულ პერიოდს და შეიცვალა თუ არა ეს მანკიერი დამოკიდებულება დღეს, განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანების მიმართ?
-დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყველაზე დიდი მანკიერება ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნეთ, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ამიტომ ყველა ხელისუფლებისთვის უმთავრესი ღირებულება უნდა იყოს ადამიანური უფლებების დაცვა და ოპოზიციური, განსხვავებული აზრის პატივისცემა. მე მიმაჩნია, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, ნამდვილად, შეცვლილია. ამას ჩვენი საკრებულოს მაგალითზეც ვამბობ. უბრალოდ, არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების უყურადღებოდ დატოვება და ასეთს ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოყვება ადეკვატური პასუხები. მე წინა ხელისუფლების დროს საკრებულოს წევრი ვიყავი და განსხვავებული პოზიციის გამო, დევნას განვიცდიდი, რასაც მოჰყვა ჩემი უკანონოდ დაკავება. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანი გაუბედურდებოდა. ამიტომ კითხვაზე მინდა დაბეჯითებით გიპასუხოთ, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს და იცავს დემოკრატიულ ფასეულობებს, და თუ ვინმე გადაუხვევს ამ გზას, მკაცრად და მყისიერად რეაგირებს, რომლის მაგალითები არა ერთი გვაქვს.
-კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 3-წლიანი პერიოდის შეფასებისას, რა პოზიტიურ თუ ნეგატიურ მხარეებს გამოყოფდით? როგორ ფიქრობთ, იქნა თუ არა გარკვეული შეცდომები დაშვებული ამ ხნის განმავლობაში?
-ჩვენი კოალიციისთვის 3-წლიანი პერიოდი არ იყო ადვილი. ჩვენ არჩევნების გზით დავამარცხეთ ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ღრმა ფესვები ჰქონდა.. ნეგატიური მხარეებისგან და შეცდომებისგან ვერც ერთი ხელისუფლება და ხელისუფალი ვერ იქნება დაზღვეული, მთავარია დროული რეაგირება და ხარვეზების აღმოფხვრა. მე არა მგონია, რომ კოალიციას რაიმე ისეთი შეცდომა და ხარვეზი ჰქონოდა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებრიობას.
-თქვენი აზრით, რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წელს წინასაარჩევნოდ გაიცა და რას გამოყოფდით ამ მხრივ?
-დაპირებები ნამდვილად სრულდება ეტაპობრივად. შეიძლება, ზოგიერთი დაპირება ვერ სრულდება ჯერჯერობით, მაგრამ ამას აქვს ობიექტური მიზეზები, რომელიც გარე-საერთაშორისო ფაქტორებიდანაა გამომდინარე. თვალსაჩინოა წარმატებული მიღწევები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვაში, სოფლის მეურნეობის აღდგენასა და განვითარებაში, ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.
-როგორი იყო თქვენი რეაქცია 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გაკეთებული განცხადების გაკეთებისას? სად მოღვაწეობდით მაშინ და რა განცდა გაგიჩინათ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ?
-საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი დამიბრუნდა, რაც იქამდე წართმეული მქონდა უსახური მმართველი ძალის მოქმედებით და კიდევ, ჩემი რეაქცია იყო ზუსტად ისეთი, ადამიანს გამარჯვების იმედი რომ ჩაესახება და მე იქ ვიდექი, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იდგა და ყოველივე ეს ჩემი თანადგომოთ გამოვხატე.
-იზიარებთ თუ არა თქვენი ოპონენტების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში არაფორმალურად ერევა?
-ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ავტორიტეტთან და ნდობასთანაცაა დაკავშირებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლაბაში მოსვლა, ბუნებრივია, ალბათ გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და მთავრობის წარმატებებით ნამდვილად იქნება დაინტერესებული. ამას ის, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ხშირად გამოხატავს დაუფარავად. ხელისუფლებისადმი, ქვეყნის საკეთილდღეოდ პოზიტიური რჩევების მიცემა, ნებისმიერი მოქალაქისაგან დასაშვებია. რაც შეეხება მოსაზრებას „საქმიანობაში არაფორმალურად ერევა“ – ეს არასწორ ინტერპრეტაციად მიმაჩნია.
-რამდენად დამოუკიდებელი ხართ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები გადაწყვეტილებების მიღებასას? ზოგადად, რამდენად დამოუკიდებელია დღევანდელი თვითმმართველობების ორგანოები?
-ამ მხრივ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ, ვართ მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვწყვეტთ და ვირჩევთ პრიორიტეტებს. არ ყოფილა შეზღუდვების პრეცედენტი ცენტრალური ან რეგიონული ორგანოებიდან. მთავრობისგან და გუბერნიისგან მხოლოდ თანადგომასა და მხარდაჭერას ვიღებთ. გვაქვს აქტიური საქმიანი თანამშრომლობა მხარის საკონსულტაციო საბჭოსთან, რაც დადებითად მოქმედებს თვითმმართველობის საქმიანობაზე.
-ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებიდან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებაზე ხომ არ გიფიქრიათ? ფიქრობთ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?
-არ მიფიქრია ამაზე. ვთვლი, რომ საკრებულოს თავმჯდომარის რანგში ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ცუდად არ ვასრულებ, თუმცა სადაც იქნება საჭირო ჩემი პიროვნების ყოფნა, მზად ვარ იქ ვიყო. გუნდური პრინციპით მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება პირველივე შეკრებაზე გავაჟღერეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ საოლქო ორგანიზაცია ყალიბდებოდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას ემორჩილება ამ პარტიის ბიურო და თითეული წევრი. გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავეყრდნობით, როდესაც კონკრეტულად ამ საკითხზე იქნება მსჯელობა.