პარლამენტის დელეგაცია რუმინეთში PABSEC-ის გენერალური ასამბლეის 46-ე სხდომას ესწრება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია PABSEC-ის გენერალური ასამბლეის 46-ე სხდომაში მონაწილეობს.
როგორც “კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 46-ე პლენარული სესია ოფიციალურად გაიხსნა.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დეპუტატებს მისასალმებელი სიტყვით რუმინეთის სენატის თავმჯდომარემ, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუმ მიმართა.
PABSEC-ის პლენარული სესიის საერთო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მან ასევე ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების პროცესსა და მასში საქართველოს პარლამენტის როლის შესახებაც ისაუბრა.
“27 ოქტომბერს მექსიკაში “ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, “ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს” გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი დასახელდა, რაც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
გენერალური ასამბლეის სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულმა საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა და PABSEC-ის „აბრეშუმის გზის“ პროექტებში სპეციალურმა წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
დღესვე PABSEC-ის ასამბლეამ მსოფლიოში საერთაშორისო ტერორიზმის ესკალაციასთან დაკავშირებით საერთო დეკლარაცია მიიღო, პლენარული სესიის მონაწილეებმა ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
PABSEC-ის 46-ე პლენარული სხდომა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 12 წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. ასამბლეაზე საქართველოს მუდმივმოქმედ დელეგაციას, დავით ბერძენიშვილთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები