დავით უსუფაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლუკას ბეგლირგენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ერთგვარი დადებითი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რაც შვეიცარიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ღია და გახსნილ ურთიერთობებს გულისხმობს, ეს კი, თავის მხრივ, ეფექტური თანამშრომლობის და ორმხრივი კომუნიკაციის ხელშეწყობის ფაქტორს წარმოადგენს. დავით უსუფაშვილმა მის შვეიცარიელ კოლეგასთან არსებულ ახლო და საქმიან ურთიერთობებზე ისაუბრა და გასულ წელს შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებიც გაიხსენა. ლუკას ბეგლირგენმა თანამშრომლობის უკვე არსებული ფორმატების გაგრძელების მზაობა გამოთქვა და იმ ახალ სამომავლო ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო ეფექტურს და საქმიანს გახდის.
შეხვედრაზე მხარეები საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხნენ. კერძოდ კი, საუბარი შვეიცარიაში უკვე აპრობირებულ „პროფესიული გადამზადების“ სპეციალურ პროგრამას და მისი საქართველოში დანერგვის პერსპექტივებს შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებად საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია) შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები