საპროკურორო საბჭო დღეს პროკურორობის კანდიდატს აირჩევს
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე გუშინ წარადგინა. დღეს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. გასაუბრება დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა – კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.