პარლამენტში სს საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებენ

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში არსებული ნორმების გაუქმების საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალება. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის წინადადებით გუშინ მიმართა. კონსტიტუციასა და კანონში არსებული წინააღმდეგობების შესწორება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია, თუმცა მთავარ პროკურორს პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე არ შეუძლია. სწორედ ამ სამართლებრივი კოლიზიის შესწორების შესახებ იმსჯელებს ბიურო.
სისხლის სამართლის კოდექსში კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არსებული ნორმების გაუქმების საკითხზე მუშაობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უახლოეს დღეებში დაიწყებს. შემდეგ კი შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ბიუროს სხდომაზე წარადგენს. დღეს კი კომიტეტის სხდომაზე იმ ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომელიც „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა” და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონებში შედის. დღის წესრიგში ასევე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებიც იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები