ბურჯანაძის პარტია კუკავას არასაიმედო პარტნიორად გამოცხადებით ემუქრება

  ნინო ბურჯანაძის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებას ეხმაურება. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიან საქართველოში“ განმარტავენ, რომ მსგავსი განცხადებების გამო კუკავა შესაძლოა, არასაიმედო პარტნიორი გახდეს.
„ცოტა არ იყოს, კახა კუკავას ეს განმარტება გასაკვირია, რადგან ჯერ კონსულტაციები არ დასრულებულა და მან უკვე გარკვეული წინადადებები და პირობები დააყენა. ეს ჩვენთვის მიუღებელია. იმედია, კონსულტაციების დასრულებამდე მსგავსი რამ აღარ იქნება. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ასეთი ქმედებები არასაიმედო პარტნიორის სიტუაციას გვამსგავსებს“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთანი საქართველოს“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგლა ბარამიძემ.
„თავისუფალი საქართველოს“ თავჯდომარემ კახა კუკავამ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნის იდეით მიმართა. მან ბურჯანაძეს მერობის კანდიდატის, ბლოკის პირველი ნომრებისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ერთკვირიან ვადაში დასახელება შესთავაზა. უარის შემთხვევაში კი, კუკავა საარჩევნო კამპანიის დამოუკიდებლად დაწყებას და მერობის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები