კახა კუკავას ულტიმატუმი ნინო ბურჯანაძეს

  „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ნინო ბურჯანაძესთან საარჩევნო ბლოკის შექმნისთვის მზადაა, მაგრამ იმავეს “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა” და “ქრისტიან-დემოკრატებთან” გამორიცხავს. კუკავა ნინო ბურჯანაძეს მიმართავს და მერობის კანდიდატის, ბლოკის პირველი ნომრებისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დასახელებას სთავაზობს. კუკავა ბურჯანაძეს ამისთვის ერთ კვირას აძლევს. უარის შემთხვევაში კი, ის საარჩევნო კამპანიას დამოუკიდებლად დაიწყებს და მერობის კანდიდატიც თავად იქნება. „შევქმნათ ერთიანი საარჩევნო ბლოკი. ბლოკის შექმნის წინაპირობად „თავისუფალი საქართველო“ არ აყენებს არცერთ საკითხს:
,,ვთავაზობთ ქალბატონ ნინოს, თავად დაასახელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ბლოკის პირველი ნომერი და დანიშნოს საარჩევნო შტაბის უფროსი; იმავდროულად, მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებაში მონაწილეობას იღებენ: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატები“ და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. მსურს ნათლად განვაცხადოთ, რომ არანაირ მოლაპარაკებებს საარჩევნო კოალიციაზე არც „ქრისტიან-დემოკრატებთან“ და არც „ეროვნულ-დემოკრატებთან“ არ ვაწარმოებთ და არ ვგეგმავთ – ჩვენს შორის არსებული პრინციპული სხვაობების და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი „სხვა“ მიზეზების გამო;
არჩევნები ახლოვდება. მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომაც დადებით ან უარყოფით პასუხს საარჩევნო ბლოკის შექმნაზე ქალბატონი ბურჯანაძისგან ველოდებით ამ კვირის ბოლომდე. თუ ნინო ბურჯანაძის გუნდი არ მოისურვებს ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნას, მაშინ „თავისუფალი საქართველო“ მომავალი კვირიდან დამოუკიდებლად დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას და შევეცდებით, მთელი საქართველოს მასშტაბით გავიმეოროთ ნაძალადევის შუალედური არჩევნების შედეგები: ანუ დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ტურში, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ 50%-იანი ბარიერის მიღწევის საშუალება და ბრძოლა გავაგრძელოთ მეორე ტურში,“- ნათქვამია კუკავას  მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები