შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული აჩიუტ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.