შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლისა და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული ბარის ა. და 1981 წელს დაბადებული ზეკი ა, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული არმინე დ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა კომპიუტერული მოწყობილობები ე.წ. სიმ-ბოქსები შეიძინეს, რომლებიც თბილისსა და მარნეულში, დროებით საცხოვრებელ ბინებში განათავსეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ-ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები შპს „მობიტელის“ სიმ-ბარათებს ათავსებდნენ. სიმ-ბარათების მეშვეობით, ინტერნეტ-ტრაფიკით მიღებული ზარები საბოლოო ობიექტთან როგორც ლოკალური ზარი, ისე შედიოდა. ე.წ. სიმ-ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. სიმ-ბოქსში იყო მოთავსებული და არა ზარის წამომწყების ნომერს. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად, გაცილებით ნაკლებს – ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხას იღებდა. ჩადენილი ქმედებით ბრალდებულებმა შპს „მობიტელს“ ჯამში 11 620 ლარის მატერიალური ზარალი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა, თბილისში – თურქეთის ორი მოქალაქის, ხოლო მარნეულში – სომხეთის მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ-ბოქსები, შპს „მობიტელის“ კუთვნილი, დიდი რაოდენობით სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).