ოფიციალური თბილისი ყირიმის რეფერენდუმს არ ცნობს

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით შედგა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები